WTO საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით

12/06/2019

ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს რობერტო აზავედოს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ასევე, ვაჭრობის გლობალურ სისტემასა და ეკონომიკაში არსებული გამოწვევები.
რობერტო აზავედოს განცხადებით, საკმაოდ მზარდია ქვეყნის ეკონომიკა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-6 ადგილზეა.

“ამდენად, ყველაფერი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და WTO შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს”, – აღნიშნა რობერტო აზავედომ. მისი თქმით, WTO გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი და ცენტრალურია ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.

“ეს ის რეგიონია, რომელიც უნდა განვითარდეს. მისი მომავალი, როგორც სატრანსპორტო კორიდორი, ევროკავშირის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს, ამ ადგილის დასაკავებლად. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და კიდევ სხვა პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობის სრული საშუალება უნდა მიეცეთ. ისინი, მზად უნდ იყვნენ ყოველგვარი გამოწვევის გასამკლავებლად. სწორედ, ეს არის ის სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტიზა და დახმარება, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა შიდა რეფორმირების თვალსაზრისით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში შესვლა სჭირდება”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0