WizzAir-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა დაიწყო

16/02/2017

უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა. ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს ავიაბაზარი რეგიონში ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადია. გასულ წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წელსაც, იანვარი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის, ძალიან პოზიტიური თვე იყო. ,,მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს 130 %-იანი ზრდა ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ზრდა კიდევ და კიდევ გაიზრდება. რა თქმა, უნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც საკმაოდ წარმატებული იყო და წელს, მასაც ბევრი სიახლე ექნება. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე გვაქვს. დაიწყო გაყიდვები ბილეთებზე ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით, რომელსაც კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს ავიაკომპანია ,,ვიზეარი“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე ტურისტული სექტორისთვის. დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ბაზარი. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვქონდა აქამდე პირდაპირი რეისები და საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდებოდა ნებისმიერ ტურისტს აქ ჩამოსასვლელად, ვფიქრობთ, რომ არსებული საშუალებით გავზრდით მგაზვრთნაკადს. რა თქმა, უნდა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ, რომ მარტივად, პირდაპირი რეისით მოხვდნენ დიდ ბრიტანეთში,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99 ლარი/£ 34.99-დან. ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს უკვე ევროპის 9 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას სთავაზობს. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0