USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა

25/12/2022

USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ.

„პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც ეს კატალოგი შეიქმნა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის ქვეყანაში ეს დარგი. ტარდება ტრენინგები ჩვენი ფერმერებისთვის, გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, რაც რეალურად ეხმარება დარგს გაძლიერება-განვითარებაში. ვფიქრობ, ეს კატალოგი პირველი ნაბიჯია. მომავალში, ის კიდევ უფრო შეივსება, დაიხვეწება და ჩვენ გვექნება დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, თუ როგორია განვითარება ამ დარგში“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის „საქრძე” მიერ მომზადებული კატალოგი 31 დასახელების რძის ნაწარმის წარმოების გეოგრაფიულ-ისტორიული არეალის, გამოყენებული ნედლეულის, დამზადების ტექნოლოგიისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას. ინიციატივა ადგილობრივი რძის პროდუქტების მრავალფეროვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კატალოგში შესულია რძის ნაწარმის ისეთი მივიწყებული სახეობები, როგორიცაა გვაჯილა, კობის ყველი, კაზლა ყველი, კალტი, ყურუთი, ასევე რძის სხვა პროდუქტები – გაწურული მაწონი, ნადუღი, კაიმაღი და სხვა. პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0