Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა

12/10/2019

წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Standard & Poors-ის მიერ საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის აღიარება, რომ რეგიონის მასშტაბით საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად და სტაბილურად ვითარდება.

„თუ რეგიონში ამ რეიტინგების დინამიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთი მკაფიო გაუმჯობესება, როგორიც საქართველომ მიიღო, რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აღიარება და რეიტინგებში გაუმჯობესება არა მხოლოდ Standard & Poors-ის მხრიდან, არამედ კიდევ ორი წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს – Moody’s-მა და Fitch-ის მხრიდანაც მოხდა, რომელთაც ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ჩვენი ქვეყნის რეიტინგი.

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი კი ამ პროცესის დაგვირგვინებაა. პრაქტიკულად რომ ვთქვათ, რა მოაქვს ამ რეიტინგს ჩვენთვის – ეს არის ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარება. როგორც ჩვენი შიდა ადგილობრივი ინვესტორები, ისევე საერთაშორისო ინვესტორები არიან დადებითად განწყობილები და რეიტინგის შემხედვარე კიდევ უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0