PCR-ტესტებთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ევროკავშირშიც გამოიყენება

24/10/2020

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამიერიდან, PCR-ტესტებთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ევროკავშირშიც გამოიყენება. შესაბამისი ცვლილება სტრატეგიაში, ევროკავშირის ქვეყნებმა, ისევე, როგორც საქართველომ უკვე განახორციელეს. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე – აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პირები ან მსუბუქი შემთხვევები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მკურნალობას ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით გააგრძელებენ, ხოლო სტაციონარებში მხოლოდ მძიმე პაციენტები იმკურნალებენ. საბჭოს წევრებმა განიხილეს როგორც საწოლფონდის, ისე სამედიცინო პერსონალის კუთხით არსებული რესურსები. აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, თუმცა ის ამოუწურავი არ არის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველა იმ რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო და ეპიდემიოლოგები გასცემენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0