Panama Papers-ი მსოფლიო ლიდერების ოფშორულ კომპანიებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო დოკუმენტაციას აქვეყნებს

04/04/2016

მსოფლიოს უმსხვილესი მედია გამოცემებისთვის ხელმისწავდომი გახდა 11,5 მილიონი დოკუმენტი, რომელიც პანამურ იურიდიულ კომპანია Mossack Fonseca-ს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიება, სახელწოდებით Panama Papers-ს პანამური იურიდიული კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარდა. დოკუმენტების თანახმად, ირკვევა, რომ Mossack Fonseca რიგ შემთხვევებში თავის კლიენტებს ხელს უწყობდა ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვადასხვა სანქციებისთვის გვერდის ავლაში. დოკუმენტებში ასახულია კომპანია Mossack Fonseca-ს საქმიანობა დაარსებიდან – 1977 წლიდან დღემდე.
დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-ს, რომელმაც თავის მხრივ ისინი მიაწოდა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს (ICJI) და 78 ქვეყნის 107 მედიასაშუალებას.

დოკუმენტები შეიცავს 150 პოლიტიკოსის, მათ შორის 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს მეთაურის საქმეს. კერძოდ, დოკუმენტები შეიცავს მონაცემებს საიდუმლო ოფშორულ კომპანიებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ლიდერების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის, ასევე დიქტატორების, ცნობილი პირების, სპორტსმენებისა და ბიზნესმენების საიდუმლო ოფშორულ საქმიანობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ჰოსნი მუბარაქის, ილჰამ ალიევის, ბაშარ ალ-ასადის, მოამარ კადაფის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონის, ფიფა-ს ჩინოვნიკებისა და არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესის.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დოკუმენტები ეხება რუსეთის 12 მაღალჩინოსანს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულუკაევსა და პუტინის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს.

გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, რუსული ბანკი ფულის გათეთრების მასშტაბურ პროცესს მართავდა. ფარული 2 მილიარდი დოლარის მეშვეობით პუტინის ახლობლები გამდიდრდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი, დეპუტატი, გუბერნატორი, ძალოვანი და მათი ახლო გარემოცვა პანამასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელები არიან.

დოკუმენტების თანახმად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსეი ულუკაევის შვილი დიმიტრი კომპანია Ronnieville-ის მფლობელია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაარსების მომენტში დიმიტრი ულუკაევი 21 წლის იყო. მოგვიანებით, კომპანიის დირექტორი ულუკაევის მეუღლე იულია ხრიაპინა.

გარდა ამისა, პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი კომპანია Carina Global Assets-ის მფლობელია, რომელიც მის მეუღლეზე ტატიანა ნავკაზეა დარეგისტრირებული. ფირმა ოფშორში პესკოვის ნავკაზე ქორწინებამდე დარეგისტრიდა.

გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის საქმის მმართველი ივან მალიუშინი, რომელიც ამ თანამდებობას 2003-2015 წლებში იკავებდა, 2013 წელს პანამური Anttrin Services-ის ერთადერთი ბენეფიციარი იყო. კომპანიის მთავარი საქმიანობა მშენებლობის სფერო და უძრავი ქონება იყო.

ოფშორების მფლობელია მოსკოვის ვიცე-მერი მაქსიმ ლიკსუტოვი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სამი ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი იყო.
2004-2006 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია Grant Pacific Corporation-ზე გენერალურ მინდობილობას ფლობდა ჩეჩნეთის სენატორი სულეიმან გერემეევი.

ამასთან, როგორც ჩატარებული გამოძიებიდან ირკვევა, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს 2012-2013 წლებში, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა და შემცვლელს დაასახელებდა, ოფიციალური ქონებრივი დეკლარაცია უნდა წარედგინა. ივანიშვილის 72-გვერდიანი დეკლარაცია ათობით უძრავ ქონებას, აქციებს, საბანკო ანგარიშებსა და ბიზნესებს მოიცავს. თუმცა, მისი იმპერიის ერთ-ერთი კომპანია Lynden Management Ltd. დეკლარაციაში მოხსენებული არ არის.

„ივანიშვილს ეს კომპანია განცალკევებულად ჰქონდა ისეთ დონეზე, რომ 4 წლის განმავლობაში არ აძლევდა თავის წარმომადგენლებს უფლებას, გაეგზავნათ პასპორტისა და დოკუმენტის ასლი, რომელიც დაადასტურებდა მის საცხოვრებელ მისამართს Mossack Fonseca-ში, პანამაში მდებარე საშუამავლო კომპანიაში, რომელმაც 2006 წელს დაარეგისტრირა Lynden Management Ltd. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. Lynden Management Ltd. საინტერესო კომპანიაა, რადგან ივანიშვილმა და მისმა უახლოესმა პარტნიორებმა ცოტა ხნის წინ 100 მილიონი დოლარი დაკარგეს ამერიკულ კომპანია Raptor Pharmaceuticals-ში, რომლის აქციებსაც ივანიშვილი Lynden Management Ltd.-სთან დაკავშირებული კომპანიის საშუალებით ფლობდა. ივანიშვილს Raptor 2012 და 2013 წლების დეკლარაციაში მითითებული აქვს“, – ნათქვამია Panama Papers-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის ემურ ჩიხრაძის თქმით, მნიშვნელობა არა

აქვს პირი მფლობელია თუ ბენეფიციარი მესაკუთრე, ეს კომპანია დეკლარაციაში მაინც უნდა იყოს მითითებული იმის მიუხედავად, საქართველოშია რეგისტრირებული თუ ოფშორულ ზონაში. ინფორმაციის დამალვა კი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

„Mossack Fonseca-ს სჭირდებოდა ივანიშვილის პასპორტის ასლი და დოკუმენტი, რომელიც მის საცხოვრებელ მისამართს დაადასტურებდა, რათა პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინა 2011 წელს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური საგამოძიებო სააგენტოს მოთხოვნა და 2012 წელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ კოდექსში შესული ცვლილებებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი კომპანია Lynden Management Ltd.-ს ბენეფიციარ-მფლობელად იქნა მიჩნეული, Mossack Fonseca-ს საკონტროლო-სამართლებრივ დეპარტამენტს 4 წელი დასჭირდა ივანიშვილის პასპორტის ასლის მისაღებად, რომელიც აუცილებელი იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ შემოღებული რეგულაციების შესაბამისად. 2015 წლის აგვისტოში მათ საბოლოოდ მიიღეს ივანიშვილის პასპორტის ასლი. 2015 წლის სექტემბერში კი მათ ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული ივანიშვილის საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, Lynden Management Ltd.-სა და სხვა სტრუქტურების მეშვეობით ივანიშვილი და მისი ახლო პარტნიორები ერთდროულად აკონტროლებდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიის Raptor Pharmaceuticals-ის აქციების 20%-ს. 2015 წელს კომპანია Raptor-მა წააგო სასამართლო პროცესი საბავშვო წამალთან დაკავშირებით. შედეგად, ივანიშვილმა დაკარგა 100 მილიონი დოლარი. თუმცა, მან სასამართლოში უჩივლა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს და ამტკიცებდა, რომ ბანკის ერთ-ერთი კერძო ბანკირი, რომლის კლიენტიც ივანიშვილი იყო, მისი ანგარიშიდან ფულს ფარულად იღებდა და ტრანზაქციებს აწარმოებდა.

ივანიშვილის მიერ დოკუმენტების წარდგენაზე უარი 2011 წლის 21 ნოემბერს დაიწყო, როდესაც Mossack Fonseca-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური გამოძიების სააგენტოდან წერილი მიიღო, სადაც სააგენტო 7 დღის განმავლობაში კომპანია Lynden Management Ltd.-ის დირექტორების, აქციონერების, ბენეფიციარების, არსებული საბანკო ანგარიშებისა და აქტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.

რატომ შეიქმნა Lynden Management, ამ შეკითხვას პასუხი ვერც ივანიშვილის შვეიცარიელმა ადვოკატმა გასცა, რომელიც Credit Suisse-ს წინააღმდეგ ივანიშვილს საქმეს უძღვება და ვერც მისმა ფინანსურმა წარმომადგენლებმა. ასევე ვერ უპასუხეს შეკითხვას, რა ბიზნესით არის დაკავებული ეს კომპანია და რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამდენი ხანი პასპორტის ასლის გადასაგზავნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0