PACE-ს რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით არ არის არც ერთი ნეგატიური შეფასება

29/01/2016

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია გაკეთებული.
შესაბამისად, როგორც დეპუტატი ამტკიცებს, რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში არც ერთი ნეგატიური შეფასება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის გამოსვლას, რომელმაც სხდომის მონაწილეებს რეზოლუციაში შესატანად საქართველოს შესახებ კრიტიკული შესწორებები წარუდგინა, ბესელია ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებებს, “საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებად” აფასებს.
“საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ საქართველოში ვითარება შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. ამაზე მომხსენებელი აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს. საქართველოსთან დაკავშირებით არ არის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არ არის არც ერთი ნეგატიური შეფასება და არ არის არც ერთი ნეგატიური მაგალითი. ჩიორა თაქთაქიშვილის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება”, – აღნიშნა ბესელიამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0