როგორ ემზადება საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტისათვის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს; რა აქტივობებია დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში; როგორ ხედავს „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა პარტნიორობის პრიორიტეტებს და რა იქნება სამიტის ძირითადი თემები − ამ საკითხებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „OGP“-ის სამდივნოს წარმომადგენლებთან. შეხვედრა დღეს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დელეგაციას საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე და გლობალური სამიტის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან, სამხრეთ აფრიკის „გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის“ (International School for Transparency) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა. სამიტი თბილისში მიმდინარე წლის 17-19 ივლისს ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელით, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ „OGP”-ის წევრი 75 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარტნიორობის მონაწილე ქალაქების მერებს. მოსამზადებელ სამუშაოებს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესების წარმმართველი და მაკოორდინირებელი უწყებაა და წარმოადგენს ქვეყნას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. „OGP“-ის სამდივნოს ვიზიტი საქართველოში 22 იანვარს დაიწყო. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მუშაობაში, შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობის ადმინისტრაციასა და თბილისის მერიაში, აგრეთვე – არასამთავრობო ორგანიზაციებთან. „OGP“ საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტებმა დააფუძნეს. „OGP“-ის თავმჯდომარეობა ჩვენი ქვეყნის მთავრობამ 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს.
„OGP“-ის გლობალური სამიტისათვის მზადება დაიწყო
24/01/2018