NAHP-ის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 30-ე შეხვედრა გაიმართა

02/03/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის (NAHP) სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 30-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებზე სამეთვალყურეო ჯგუფის ფორმატში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილების შესახებ ისაუბრა და მიღწეული წარმატებებისთვის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„10 წლიანი მუშაობის განმავლობაში, სამეთვალყურეო ჯგუფის შემადგენლობაც გაიზარდა, დონორთა და კერძო სექტორის ჩართულობაც; კონსოლიდირებული მუშაობა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ცხოველთა ჯანდაცვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, 2019 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის დასრულების შემდეგ, სამეთვალყურეო ჯგუფის მენეჯმენტის გადაბარება სრულად მოუწევს.
„ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხი აქტუალობას დღესაც არ კარგავს, შესაბამისად, მინდა თითოეულ თქვენგანს ვთხოვო განსაკუთრებული მხარდაჭერა მოსალოდნელ გარდამავალ პერიოდში. ჩვენი მიზანია, წლების განმავლობაში მიღებული შედეგები განვამტკიცოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამინისტროს ლაბორატორიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის და შიდა ქართლის ვეტერინართა რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0