„Miles Ahead“ ფილმის პრემიერა ბათუმის X ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში

16/07/2016

16 ივლისს, ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“, ბათუმის შავი ზღვის რიგით X, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ფილმის – „Miles Ahead“ პრემიერა გაიმართა. მხატვრული ფილმი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის მაილს დევისის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.
ფილმის დახურულ ჩვენებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მაილს დევისის დისშვილი, მუსიკოსის საავტორო უფლებების მფლობელი ვინს უილბერნიდა კინოს სფეროს წარმომადგენლები.
ფილმის პრემიერის შემდეგ დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ვინს უილბერნისთვის როგორც ფილმის, ასევე თავად დიდი მუსიკოსის მაილს დევისის შესახებ კითხვები დაესვა.
ფილმს „Miles Ahead“ საფუძვლად უდევს ცნობილი ჯაზ-მუსიკოსის მაილს დევისის ცხოვრება. რეჟისორია დონ ჩიდლი, რომელიც ასევე, მთავარი (მაილს დევისის) როლის შემსრულებელია. სცენარის ავტორები: ქრისტოფერ ვილქინსონი, სთივენ ბეიგელმანი და სტეფან ჯეი რიველი. ფილმის სახელწოდება „Miles Ahead“ მაილს დევისის 1957 წლის ამავე დასახელების ალბომიდან მოდის.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ იორკის კინოფესტივალზე 2015 წელს (ფესტივალი დახურა) შედგა. „Miles Ahead“ ნომინირებული იყო სხვადასახვა საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის, ფილმი ნაჩვენები იყო სანდენსის და ბერლინის კინოფესტივალებზე (სპეციალური ჩვენება), გარდა ამისა, ფესტივალზე – SXSW (South by Southwest Film Festival). ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად დონ ჩიდლის, როგორც ფილმის რეჟისორს. მედიაკრიტიკოსების ნაწილი ფილმს „ოსკარზე“ ნომინირებას უწინასწარმეტყველებს.
ამავე დღეს, ბათუმის შავი ზღვის რიგით X ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში მაილს ელექტრიკ ბენდის (MILES ELECTRIC BAND) კონცერტი გაიმართება. 11 ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული ბენდი, რომლის ხელმძღვანელიც მუსიკოსი ვინს უილბერნია, მაილს დევისის „ელექტრონული პერიოდის“ მუსიკას დაუკრავს.
ფილმის სინოფსისი:
ფილმში ასახულია მუსიკოსის – მაილს დევისის (დონ ჩიდლი) ცხოვრება 70-იან წლებში… თუ როგორ ცდილობს ის დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ დაუბრუნდეს კარიერას და თავი დააღწიოს დეპრესიასა და ნარკოტიკებს. ფილმში ასევე ასახულია მაილსის ურთიერთობა როლინგ სტოუნზის ჟურნალისტ დეივ ბრეიდენთან (ევან მაქგრეგორი), რომელსაც სურს დაწეროს სტატია მაილსის ცხოვრებაზე, შემოქმედებასა და ურთიერთობაზე ყოფილ მეუღლესთან, მოცეკვავე ფრენსის ტეილორთან. ფრენსისი მაილსის მუზა იყო. მუსიკოსმა სწორედ ამ ურთიერთობის განმავლობაში შექმნა თავისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციები. რვაწლიან ქორწინებაში იყო ღალატიც და შეურაცხყოფაც, ბოლო პერიოდში კი, როდესაც მაილსის ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა სულ უფო გაურესდა, ფრენსისმა მისი მიტოვება გადაწყვიტა.
70 იანი წლების ბოლოს, მაილს დევისი კარიერის აღზევების პერიოდში 5 წლით უჩინარდება. მუსიკოსი მარტო ცხოვრობს და ებრძვის ქრონიკულ ტკივილებს, რის გამოც სვამს ბევრ ტკივილგამაყუჩებელს და იღებს ნარკოტიკებს. სწორედ ამ დროს, ჟურნალისტი დეივ ბრეიდენი, ძალით იჭრება მაილსის სახლში. მოგვიანებით, ისინი ებმებიან საერთო თავგადასავალში და გეგმავენ დაიბრუნონ მაილს დევისის მიერ შექმნილი კომპოზიციების მოპარული ჩანაწერი. ყოფილ ცოლთან დაკავშირებული მოგონებების გამო, მაილსის საქციელი არაპროგნოზირებადია, წლების მანძილზე მას ტანჯავს სინანულის გრძნობა, თუმცა გამოსავალს ის ისევ მუსიკაში პოულობს…
შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; აჭარის კულტურის სამინისტრო;
ფესტივალის ოფიციალური გამაგრილებელი სასმელი:Coca-Cola;
მედია მხარდამჭერები: რუსთავი 2; ARTAREA; MUSIC BOX; GDS;რადიო „ფორტუნა“; გაზეთი „ჯორჯია თუდეი“; ჟურნალი OK.
ფესტივალის ორგანიზატორი:
• კომპანია „ისთერნ პრომოუშენს“ (Eastern Promotions);
• ფესტივალი ტარდება პროექტის „Check In Georgia” ფარგლებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0