KFW მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება

03/10/2017

სასტუმრო „რედისონში“ აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა გაიმართა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს. ღონისძიებას სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში KFW- ს მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის. ზურაბ პატარაძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრა მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, მწვანე ტბის განვითარების გეგმის შემუშავება. მისი თქმით, აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება ერთგვარი გაგრძელება აჭარის მთავრობის მხრიდან მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების. აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია MACS – Energy and Water- მა წარადგინა. პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობამ შექმნა სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ , რომელიც კონსულტანტიას გაუწევს დონორ ორგანიზაციას და დაეხმარება მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრაში თუ სხვა მიმდინარე საქმიანობაში. აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0