ISFED-მა უნდა უპასუხოს საზოგადოებას, ხსნიან თუ არა ულტიმატუმს, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში

21/08/2022

„ISFED-მა უნდა უპასუხოს საზოგადოებას, ხსნიან თუ არა ულტიმატუმს, რომ ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში, თუ ხსნიან, შეუძლიათ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა. მათ აქვთ საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, უბრალოდ, მათ საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხი. ისინი კვლავ აყენებენ ამ ულტიმატუმს და აქვთ მოთხოვნა, რომ მათ დააკომპლექტონ მთავრობა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია, არ აქვთ არჩევნებით მიღებული მანდატი, არ აქვთ ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ, მათ ჰქონდეთ ვეტოს უფლება და გადამწყვეტი ხმა მთავრობის დაკომპლექტებაში – კვლავ ამ პოზიციაზე რჩებიან თუ ხსნიან თავის მოთხოვნას, თუკი ისინი ამ პოზიციას აღარ იზიარებენ და ხსნიან ამ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მათ სრულად შეუძლიათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა. თუკი ისინი ულტიმატუმს უყენებენ პარლამენტს, ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების მხრივ თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ესაა მცდელობა მანიპულირება მოხდეს აღქმებით და არა ფაქტებით. მისივე თქმით, ISFED-სგან პოზიცია, რომ ისინი უარს ამბობენ გაემიჯნონ ამ მოთხოვნას, არ დაფიქსირებულა, აქედან გამომდინარე არ მოხდა მათი მიწვევა სამუშაო ჯგუფში.

„ჩვენ რამდენიმე დღეა ვხედავთ კვლავ მცდელობას, რომ აღქმებით იყოს მანიპულირება, ნაცვლად ფაქტებისა. ფაქტები კი არის მარტივად, რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს“ არასამთავრობო ორგანიზაციას. თქვენ გახსოვთ, რომ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეორე დღეს, 24 ივნისს, მათ შორის, ISFED-ის ორგანიზებით გაიმართა აქცია, სადაც ISFED-მა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პარლამენტს წამოუყენა ერთკვირიანი ულტიმატუმი, რომ პარლამენტს უნდა დაეთხოვა მთავრობა და შეერჩია ე.წ. „ტექნიკური მთავრობა”, რომლის ფორმირების პროცესში ISFED-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ექნებოდათ ვეტოს უფლება – ანუ გადამწყვეტი ხმა მთავრობის ფორმირებაში. მათ ეს ულტიმატუმი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, გამომდინარე იქედან, რომ ხალხმა ზურგი აქცია ამ რადიკალურ მოთხოვნას, თუმცა, ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ ჰაერში კიდია და მათ ეს ულტიმატუმი არ მოუხსნიათ.

აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მუშაობის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, მათ შორის, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, სამოქალაქო საზოგადოება „ პლატფორმასთან“ და ჩვენ, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ISFED-სგან ვერანაირი პოზიცია ვერ მოვისმინეთ, რომ ისინი უარს ამბობენ რომ გაემიჯნონ ამ მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინი მოწვეული არ იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0