IPU-ს ფორმატი გვაძლევს კარგ საშუალებას იმისათვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქვს ნაკლები წვდომა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს

25/04/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირსა (IPU) და საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობას წარმატებულად აფასებს. განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგარეო ურთერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც აღნიშნულ ფორმატებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის 2018 წლის ანგარიშები წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ორივე ფორმატში მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებს ხელმძღვანელობს, დელეგაციის წევრთა მიერ განხორციელებულ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატის (IPU) ფარგლებში, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ერთ ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენასა და ორ კონფერენციაში. გარდა ამისა, დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან. ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ IPU-ს ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა არაღიარების პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.

„IPU-ს ფორმატი გვაძლევს კარგ საშუალებას იმისათვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც აქვს ნაკლები წვდომა ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენი შედეგებიც არის პრინციპში შთამბეჭდავი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, რომელიც წარმატებული საქმიანობის შედეგად, მიმდინარე წელს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელს ახალგაზრდა პარლამენტართა მე-7 მსოფლიო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება IPU-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიმდინარე წელს, რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში მიიღო.

“IPU ხელს უწყობს ორმხრივი კავშირების განვითარებას საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყანას შორის, ასევე, იგი ხელს უწყობს არ აღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით, ჩვენი საქმიანობა 2018 წლის განმავლობაში იყო საკმაოდ წარმატებული. წელსაც ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას IPU -სთან და ამის ხელშესახები შედეგი არის ის, რომ მომავალ წელს ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში გაიმართება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება უკრაინასა და მოლდოვასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა. მისი შეფასებით,მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ასამბლეის პირველი სესია თბილისში გაიმართა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასამბლეის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტის წევრებმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასამბლეის საქმიანობის 2 ძირითადი მიმართულება ევროინტეგრაცია და წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებია.

„განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში, ასამბლეის ფარგლებში ორი სპეციალური კომიტეტი ჩამოყალიბდეს ამ საკითხებზე სამუშაოდ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება ასამბლეის ვებგვერდის შექმნაც, ასევე, შესაძლოა, მომავალში მომზადდეს სამი ქვეყნის ერთობლივი დეტალური ანგარიში, სადაც მიღწეული შედეგები და მიმდინარე რეფორმები იქნება ასახული. გარდა ამისა, შესაძლოა დაიგეგმოს სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების ერთობლივი ვიზიტები.

მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა 2018 წლის დეკემბერში, ასამბლეის მიერ მიღებულ პირველ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დაგმობას ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს იყო ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოხატულება. მისივე ინფორმაციით, კონკრეტული ქმედებები არის დაგეგმილი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად.

„შესაძლოა, გავწევრიანდეთ შესაბამის დასავლურ ინსტიტუტებში. ამის თაობაზე გამოითქვა ზოგადი თანხმობა. საჭიროა ანტიჰიბრიდული ორგანოების შექმნის შესახებ კონკრეტული ინიციატივების განხორციელება და ამ კუთხით, კონკრეტული ქმედებები არის სამომავლოდ დაგეგმილი“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებს, რაც ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების განსაკუთრებული მოტივაციაა. მისივე შეფასებით, ამ კუთხით, დიდი სტიმულია ხალხთაშორის არსებული ისტორიული მეგობრობაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0