საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა. ბრიგადის იუბილეს სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
„დღეს II ქვეითი ბრიგადის 24 წლის იუბილეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ და ჩატარდა ღია კარის დღე. მინდა მივულოცო ყველა ოფიცერს, სერჟანტს და კაპრალს დღევანდელი თარიღი. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ცხოვრებაში. ვუსურვებ ყველა იმ ამოცანის წარმატებით შესრულებას, რომელიც მათზე იქნება დაკისრებული. დღევანდელი დღე ასევე მინდა მივულოცო იმ ქვედანაყოფს, რომელიც ავღანეთში იმყოფება. ასეულის პირად შემადგელობას მინდა ვუსურვო ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნება”, – განაცხადა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზეიმო ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებიც დაჯილდოვეს. შვიდ სამხედრო მოსამსახურეს ჯილდოდ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადასცეს. „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“ მედლები გადაეცა სამ ჯარისკაცს, სამ სამხედრო მოსამსახურეს კი, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა მადლობა გამოუცხადა.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის სასადილოში საიუბილეო ტორტი გაიჭრა.
24 წლის წინ, 1992 წელს ჩამოყალიბდა დანაყოფი, რომელსაც 21-ე მექანიზირებული ბრიგადა ეწოდა, 2004 წელს, სწორედ, მის ბაზაზე შეიქმნა II ქვეითი ბრიგადა.
II ქვეითი ბრიგადა 24 წლისაა
16/07/2016