ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთაში, დუშეთსა და თიანეთში, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, გმირთა მემორიალები გვირგვინით შეამკო.
“მსურს, დღევანდელი დღე განსაკუთრებით იმ ადამიანებს მივულოცო, ვისი გმირობის შედეგიც კაცობრიობის ფაშიზმისგან ხსნაა. შეუფასებელია მათი სიმამაცე და თავგანწირვა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ომის 3 ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. თითოეულ თქვენგანს და თქვენს თანამებრძოლებს მადლობას გიხდით გამოჩენილი გამბედაობისა და თავდადებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს სიცოცხლეს.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.