IFES-ი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატებს და იდეებს შორის კარგი კონკურენციაა

19/09/2018

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი უილიამ სუინი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატებს კამპანიის კონკურენტულ გარემოში წარმართვის საშუალება აქვთ, – ამის შესახებ უილიამ სუინიმ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საუბრისას ხაზი გაესვა IFES-თან წარმატებულ თანამშრომლობას. უილიამ სუინიმ აღნიშნა, რომ ფონდს საქართველოში საქმიანობა ეამაყება და ის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს ქვეყანაში დემოკრატიის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა კვლავაც უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

“მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიის ძალიან საამაყო ტრადიცია. ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება, მისი ხმა გაგონილი და დათვლილი იყოს. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესანიშნავად იმუშავა, რითაც ხმის მიცემის გამოცდილების მიმართ მომხმარებელთა მოლოდინი დააკმაყოფილა. ამომრჩევლების დრო ფუჭად არ იხარჯება. შედეგები უტყუარია. ხმებს სწორად და სამართლიანად ითვლიან. ჩემთვის დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის სახელით საქართველოში მუშაობა. კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ამ კონკურენციას მოვლენათა პოზიტიურ განვითარებად მივიჩნევთ. ვფიქრობ, 28 ოქტომბერს კარგი არჩევნები შედგება”, – განაცხადა უილიამ სუინიმ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0