ჯანდაცვის მინისტრი H1N1-ის დიაგნოზით მქონე პაციანტებთან დაკავშირებულ კონსილიუმებში პირადად მიიღებს მონაწილეობას. დავით სერგეენკოს ინიციატივით, პირველი კონსილიუმი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს გაიმართა, სადაც გრიპის ვირუსის დიაგნოზით 2 მცირეწლოვანია მოთავსებული. ქვეყნის მთავარმა ექიმმა პაციენტები მოინახულა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას დეტალურად გაეცნო.
კონსილიუმზე სხვადასხვა პროფილის ექიმებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ბავშვებში დაავადების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და მკურნალობის სტრატეგია შეიმუშავეს.
„ყველა კლინიკაში, სადაც პაციენტები ორ კვირაზე მეტია, გრიპის გამო მკურნალობენ, იმართება კონსილიუმი და ვგეგმავ, ყველგან მივიღო მონაწილეობა. იაშვილის კლინიკაში საყურადღებო მდგომარეობაში ორი ბავშვია, თუმცა ორივე შემთხვევაში, მდგომარეობა გაუმჯობესებულია.“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და 100 000 მოსახლეზე 249-ს შეადგენს.