მთავარი პროკურრის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის ინფორმაციით, საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი.
ამის შესახებ მამუკა ვასაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე – “FACEBOOK”-ზე და “YOUTUBE”-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში”, – განაცხადა ვასაძემ.