„EURAXESS“-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა

16/07/2019

„EURAXESS”-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მეცნიერებაზე, როგორც ეროვნული იდეის – განათლების მეხუთე საფეხურზე და აღნიშნა, რომ “EURAXESS”-ი მეცნიერებათა საერთაშორისო მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის პლატფორმაა.

„ეს არის მთავარი პლატფორმა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, სადაც ხდება მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება. ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად აქ წარმოდგენილი არიან ისეთი მეცნიერულად და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები, როგორიც არის იაპონია, ისრაელი და სხვა. „EURAXESS”-ში საქართველოს გაწევრიანება ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში მეცნიერება დაუბრუნდეს იმ დონეს, რითაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ამაყობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ განათლების ცენტრად. ამ პლატფორმაში გაწევრიანება ჩვენს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში. აქ საუბარია ძალიან ამბიციურ პროექტებზე, აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომელიც შეიძლება რეალურად 21-ე საუკუნეში გახდეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნოვაციების წყარო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დოკუმენტს ხელი სექტემბერში მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, პლატფორმაში ყველა ქართველი მეცნიერი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მეცნიერები აქტიურად იყვნენ ჩართული და ამ მიზნით ქართულ სამეცნიერო წრეებთან ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0