EurActiv: საქართველო ყველაზე წარმატებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

02/03/2016

ევროპული ინტერნეტ-გამოცემა EurActiv, ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE -ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ხოსე გარსია-მარგალომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლებას ესპანეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ გარსიამ დადებად შეაფასა ამ კავკასიური რესპუბლიკის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სწრაფ განხორციელებას და ხაზი გაუსვა მჭიდრო კავშირებს მადრიდსა და თბილისს შორის.

29 თებერვალს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩამოსულ გარსია-მარგალოს, რომელსაც ახლდა ესპანეთის ელჩი თურქეთში რაფაელ მენდივილი, დახვდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ამჟამად საქართველოში (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა) მიმდინარეობს ძირეული რეფორმების პროცესი, რომელსაც წინ უსწრებდა ევროკავშირისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – 2014 წლის ივნისში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

ესპანური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულება განხილვების მთავარი თემა იყო, რადგანაც საქართველოსთვის NATO-სა და ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტული და ამბიციური მიზნებია. ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს სტრუქტურული რეფორმების გატარების ვალდებულებასაც. ამ მხრივ, გარსია-მარგალომ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველომ წამყვან პოზიციას მიაღწია. როგორც დიპლომატიურმა წყაროებმა აუწყეს საინფორმაციო სააგენო EFE-ს, ესპანელ მინისტრთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია ამა წლის ზაფხულში. გარსია-მარგალომ დაადასტურა, რომ ესპანეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ხელისუფლებას ამ პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0