EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შვეიცარიასა და საქართველოს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს უხსნის

28/02/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს დიდიე ბურჰალტერს. მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა.
შვეიცარიის საგარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე ევროპული საბჭოს 2017 წლის 27 თებერვალს მიღებული გდაწყვეტილება მიულოცა. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფება და ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანა – მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს ინსტიტუციური განვითარებისა და სტანდარტების თვალსაზრისით.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც კარგ ნიადაგს ქმნის თანამშრომლობის განსავითარებლად სხვადასხვა მიმართულებით. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რაც შვეიცარიასა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის მაღალი დონის შეხვედრების კარგ დინამიკას და გამოთქვეს მზადყოფნა
მომავალშიც ხელი შეუწყონ ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. ამ მხრივ განხილული იქნა მიმდინარე წელს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის, როგორც მოდერატორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი და მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს მათი ძალისხმევისთვის. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მდგომარეობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ქართული მხარის მიერ ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0