საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორთა ჯგუფის (ECR) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჯგუფის პრეზიდენტთან ევროპარლამენტის წევრთან საიდ კამალთან. ECR-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კონფერენციაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტში მათი პოლიტიკური ჯგუფის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოსადმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ECR-ის პოლიტიკურ ჯგუფთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების შესახებ. აღინიშნა კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროპულ სტანდარტებთან. უაღრესად დადებითად შეფასდა ევროპარლამენტის კომიტეტების მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება, ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროცესის წარმატებით დასრულებაში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. ევროპარლამენტარ საიდ კამალთან შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. ევროპარლამენტარმა გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურიერთობების განვითარებას. აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტარტეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოკავშირე მრავალი მიმართულებით, ბრექსიტის მოვლენების შემდგომ კი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ორმხრივი კავშირების განვითარება, განსაკუთრებით კი დიდი პოტენციალი არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
ECR-ის პრეზიდენტი საქართველოს მხარდაჭერას პირდება
19/10/2016