EBRD მეწარმეობის ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

27/05/2016

ევროკავშირის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. შესაბამისი შეთანხმება EBRD-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის 27 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ,,საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ყულიჯანაშვილმა და EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას, პირველ რიგში, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცა, რომლის შედეგადაც შეთანხმება მთლიანად ძალაში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შევა. ასევე, მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, რომელმაც DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა (DCFTA Facility) შეიმუშავა და EBRD-ს, რომელსაც საქართველოში, სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით, მუშაობის დაახლოებით 25 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
,,საქართველოს ეკონომიკისთვის, კონკრეტულად კერძო სექტორისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ინიციატივა და დახმარება, რასაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და მაქსიმალურად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არსებული უპირატესობები. ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი საქართველოს ბანკისგან 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პროგრამის ფარგლებში ეს ხელმოწერა არის პირველი ფაზა – წლის ბოლომდე ასევე იგეგმება EBRD-ის თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ ბანკებთანაც, რათა კერძო სექტორმა ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების და მომსახურეობის მოდერნიზაციის კუთხით დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს.
აღნიშნული შეთანხმება ევროკომისიის მიერ შემუშავებული DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამის (DCFTA Facility) ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებას DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით. ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, დასახელებული სამი ქვეყნის მასშტაბით ბანკი 380 მილიონ ევროს გამოუყოფს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს სესხისა და სავაჭრო გარანტიების სახით ბიზნესებისთვის ქვესესხების გასაცემად.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ, ტექნიკური დახმარების, ინვესტიციის წახალისებისა და რისკების გაზიარების მიზნით 19 მილიონ ევროს გამოყოფს.
ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს, დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და მაქსიმალურად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არსებული უპირატესობები.
დღეს ხელმოწერილი შეთანხმებით, საქართველოში ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი „საქართველოს ბანკისგან“ (და ასევე სხვა ბანკებისგან მომავალში) 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით, გაცემულ სესხზე ევროკავშირი დამატებით უზრუნველყოფს კომპანიისთვის დაახლოებით 15%-მდე ფულის დაბრუნებას გრანტის სახით, რაც დამატებითი სტიმულია კომპანიის საქმიანობის წარმატებით განვითარებისთვის.
მსესხებელი კომპანია საერთაშორისო კონსულტანტისგან ასევე უფასოდ მიიღებს რეკომენდაციებს კომპანიის განახლებასთან დაკავშირებული საუკეთესო საშუალებების შესახებ და ასევე იმის თაობაზე, თუ რომელი კომპონენტით ესაჭიროება კომპანიას რესტრუქტურიზაცია.
მსესხებელი კომპანია დამატებით ასევე უსასყიდლოდ მიიღებს რეკომენდაციებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ბიზნეს დაგეგმარების, მარკეტინგული სტრატეგიის, გაუმჯობესებული საბუღალტრო მომსახურებების შესახებ.
ეს არის DCFTA-ის განხორციელებაში დახმარების უპრეცედენტო ფინანსური პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და დაეხმარება საქართველოს მისი ევროპული მიზნების განხორციელებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0