EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აფასებს

14/05/2019

საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინქის შეხვედრისას აღინიშნა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევრობანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაზეც საქართველოში EBRD-ის დივერსიფიცირებული პორტფელიც მიუთითებს.
მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას საუბარი შეეხო EBRD-ის სამომავლო გეგმებს და პროექტებს, რომელთა განხორციელებასაც ბანკი საქართველოში აპირებს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა და დადებითად შეფასდა განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით დაფინანსებას გულისხმობს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა, რაც მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ფორმატის მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0