COVID-19-მა, გლობალურად, ჯანდაცვის სისტემებში კრიტიკული გამოწვევები შექმნა

22/09/2023

ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მაღალი დონის შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მნიშვნელობასა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ათი წლის წინ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიაღწიოს ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობას, რათა დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის რისკებისაგან. COVID-19-მა, გლობალურად, ჯანდაცვის სისტემებში კრიტიკული გამოწვევები შექმნა. აღნიშნულ პერიოდში, ჩვენი ძალისხმევა ეხებოდა ერთის მხრივ პანდემიის მძიმე შედეგებთან ბრძოლას და მეორეს მხრივ აუცილებელ სერვისებზე, მედიკამენტებსა და ვაქცინებზე უწყვეტი წვდომის შენარჩუნებას. საქართველო სრულად იზიარებს ხედვას, სამედიცინო რეაგირების ზომებზე (MCMs) თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ. უნდა გაძლიერდეს ეროვნული ძალისხმევა ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველვყოთ დროული ხელმისაწვდომობა სიცოცხლის გადამრჩენ მედიკამენტებზე, დიაგნოსტიკასა და სხვა სამკურნალო საშუალებებზე. საქართველოს, 2022-2030 წლების, ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია პრიორიტეტად განსაზღვრავს პირველადი ჯანდაცვის განვითარებას და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეიქმნას უფრო ძლიერი ჯანდაცვის პლატფორმა, რომელიც უკეთ მოემზადება და უპასუხებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გამართული ფორუმი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გახსნა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. სიტყვით გამოვიდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარე ბილ გეითსი, რომელმაც აქცენტები გლობალური ჯანდაცვის გამოწვევებსა და ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0