ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ციფრული ლარის შემოღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, გადახდების სისტემების გამარტივების, ფინანსური სერვისების უფრო დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ეს გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გადის მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის საჯარო სერვისებსაც. მისივე თქმით, CBDC-ის დანერგვა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან სიახლეს ფინანსურ სექტორში – შესაბამისად, აუცილებელია ფართო კონსულტაციები და საყოველთაო გაგება ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის.
„CBDC-ს შეუძლია შესთავაზოს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის ბიზნესების და მოსახლეობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ფულის მოსახერხებელი ელექტრონული ფორმით; მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შესაბამისი პლატფორმის ჩამოყალიბება; უფრო სწრაფი და იაფი გადახდების მხარდაჭერა; ფინანსურ სისტემაზე მომხმარებელთა წვდომის გაფართოება,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და ქვეყანა ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებას დრო დასჭირდება.