C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში გაიმართა

02/08/2018

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია ამჯერად იუსტიციის სახლში გაიმართა. „STOP C “ − ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. ღონისძიების მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იუსტიციის სახლში დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დარჩება და ყველა მსურველს საშუალება ექნება, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია თბილისის იუსტიციის სახლში უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს, ერთდღიანი აქციის ფარგლებში, C ჰეპატიტის სკრინინგი თბილისის იუსტიციის სახლის 1000-ზე მეტმა ვიზიტორმა ჩაიტარა. სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0