AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ პირებს ჩაუტარდებათ

08/04/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ AstraZeneca-სთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან. პირებმა კი, რომლებმაც AstraZeneca-თი ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ უსაფრთხოდ შეუძლიათ მიიღონ ვაქცინის მეორე დოზაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის წინ გამოკვლევების ჩატარება არც ერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის.

„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ AstraZeneca-თი, ამ შემთხვევაში, რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის . ის, ვინც უსაფრთხოდ ჩაიტარა პირველი დოზა ვაქცინაციის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზაც“-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია15 693 ადამიანს ჩაუტარდა. შეგახსნებთ, რომ ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია AstraZeneca-სთან დაკავშირებით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0