საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საკითხში საქართველოს პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს.
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა კომისიას კონსტიტუციური კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში დათქმის ჩადება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისთვის 2025 წლამდე იმოქმედებს.
„ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა გამოსაცდელ ვადა და ეს რეკომენდაცია არის გათვალისწინებული პარლამენტის მხრიდან.კერძოდ, გვქონდა დამატებითი რეკომენდაციები ვენეციის კომისიასთან და შევთავაზეთ ასეთი ინიციატივა, რომ ჩაიდოს გარდამავალ დებულებებში დათქმა, რომ 2025 წლამდე იმოქმედებს მხოლოდ პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისათვის და ამის შემდეგ, 2025 წლიდან ჩვენ გადავალთ სრულად უვადო გამწესების წესზე მოსამართლეებისათვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მეორე რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებას ეხებოდა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ამ პროცედურიდან პარლამენტის გამორიცხვას ითვალისწინებდა.
„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი გამოვრიცხოთ ამ პროცედურიდან. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საქართველოში არც ერთი სუბიექტი ამას არ მიესალმება და ვფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების საქმეში პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს“,- განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.