პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გამოკითხული იქნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა – შენახვისთვის ბრალდებულები, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრები მ. მ. და გ. ქ. ვინაიდან გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369′ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ამ ეტაპზე მ. მ.-ს და გ. ქ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა, რომელიც დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. საქართველოს პროკურატურა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას.
მ.მ.-ს და გ.ქ-ს ბრალდების საქმეები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის სავარაუდო ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.
პროკურატურამ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
11/06/2017