მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

27/05/2017

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ასამბლეის პრეზიდენტთან პაოლო ალისთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ნათელი დადასტურება ნატო-ს მხარდაჭერისა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ეს არის კარგი საშუალება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის ადგილზე იხილონ საქართველოში გატარებული რეფორმების მიმდინარეობა და გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ასამბლეის პრეზიდენტმა შეაფასა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ არა-წევრ ქვეყანაში საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების ბოლო შემთხვევა 15 წლის წინ მოხდა: „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა უმშვენიერეს ქალაქ თბილისში გაიმართება. ეს არის ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის და ნატო-ს პოლიტიკური ნების მაჩვენებელი მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიზაციას, გზას, რომელმაც საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თვალსაჩინო შედეგები და პროგრესი მოუტანა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უჩვეულოა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არა-წევრ ქვეყანაში გაიმართება. ისტორიის მანძილზე ეს მხოლოდ ხუთჯერ მოხდა, რაც ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს. აქ ჩვენ გასაოცარი სტუმართმოყვარეობით დაგვხვდნენ. ჩვენ ვიმსჯელეთ რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების საერთო პრობლემების შესახებ. ახლა უსაფრთხოება გლობალურ ინტერესს წარმოადგენს და ჩვენ ამ საკითხში საქართველოსგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ. ჩვენც მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, განაცხადა პაოლო ალიმ.

მან დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ და განაცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერა არის ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების მხარდაჭერა.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ.შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0