28 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციას, რუსთავის მერიისა და საკრებულოს, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელებს და რუსთავის ავტოდრომის მფლობელებს შეხვდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29 მარტის #193 დადგენილებით ქონების გადასახადზე არსებული განაკვეთი შემცირდა ავტო-მოტო სპორტის დარგში და დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,1% ოდენობით განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის ავტოდრომის განვითარებისთვის, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსია. შესაძლებელი გახდება ამ ცვლილების შედეგად გამოთავსიუფლებული თანხის რეინვესტირება სპორტის ხელშეწყობაში. მაისში რუსთავის ავტოდრომზე საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა ოფიციალურად გაიხსნება. მისი დათვალიერება სტურმებმა და ჟურნალისტებმა დღესვე შეძლეს.
რუსთავის საერთასორისო ავტოდრომის ტერიტორიის სრული მოცულობა 78 ჰექტარია,
ტრეკის სირგძე 4 140 მ. შეუძლია უმასპინძლოს 10 000 მაყურებელს. წელს ავტოდრომმა
საავტომობილო სპორტის, (FIA) მესამე გრეიდი მიიღო, რაც აძლევს საშუალებას ფორმულა 1-ის გარდა თითქმის ყველა დონის რბოლა ჩაატაროს. დასრულდა საერთაშორისო დონის კარტინგის ტრასა, რომელსაც ექნება თავისი სატრენინგო ცენტრი და სასტუმრო. კავკასიის რეგიონში ეს ერთადერთი სტაციონარული ავტოდრომია. ასევე სრულდება მოტოკროსის ტრასის მოწყობა. საერთო ჯამში განხორციელებულია 25 მლნ დოლარის ინვესტიცია.
აქამდე არსებული განაკვეთით ავტო-მოტო სპორტის დარგში ჩართულ კერძო ორგანიზაციებს ქონების გადასახადის ნაწილში დიდი საგადასახადო ვალდებულებები უგროვდებოდათ. აღნიშნული დავალიანების დაფარვა სპორტში საქმიანობიდან თითქმის შეუძლებელია. შეღავათიანი განაკვეთის დადგენა სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. რუსთავის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის ცვლილების შესახებ დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 2015 წელს სპორტულ ობიექტებს ქონების გადასახადზე შეღავათი თბილისის საკრებულომ დაუწესა. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე არსებულ ქონებას, კერძოდ სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხო. აღნიშნული პოლიტიკა სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, რაც სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაახალისებს.