გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს გიორგი იაკობაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაზე, პრეპარატების გამოყენებისას ვადებზე და უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
შეხვედრას დაესწრნენ გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული, REAP-ის პროექტის მენეჯერი მამუკა გაჩეჩილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი ლაშა ღლონტი.
გუბერნატორმა სტუმრებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქ ოზურგეთში ლოჯისტიკისა და ტრენინგებისათვის შერჩეული ფართი დაათვალიერებინა. აღნიშნულ შენობაში მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩამოტანილი შემასხურებელი ბენზოაპარატების, უსაფრთხოების უნიფორმების, ნიღბების, სათვალეებისა და ყურსაცობების დასაწყობება. ამავდროულად, ,,შემწამვლელ ჯგუფებს“ უსაფრთხოების წესების გაცნობის მიზნით, ჩაუტარდებათ ტრენინგები. მათ პრაქტიკულად შეასწავლიან აპარატის მუშაობის პრინციპებს. ტრენინგს ჩაატარებენ ჩამოსული ექსპერტები.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო – სამეურნეო კულტურას. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ, 2016 წლის ოქტომბერში, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს.
გურიაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
28/04/2017