ირაკლი კობახიძემ ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს კონსტიტუციის ახალი რედაქცია გააცნო

25/04/2017

„კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, აქედან გამომდინარე მისი გაცნობის ინტერესი ძალიან დიდია. დღეს შეგვიძლია ჩვენ აბსოლიტურად ღიად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს და მასზე მუშაობის პროცესს, უშუალოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარესგან გაეცნენ. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოთხი თვის მუშაობის შედეგად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა, კონსტიტუციური კანონის პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, ქვეყნის ძირითად კანონში ფუნდამენტალური ცვლილებები განხორციელდება.
„პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რადგან დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის.
კონსტიტუციაში გვაქვს მთელი რიგი ნორმები და რეგულაციები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტარულ პრინციპებს, მათ შორის, განსაკუთრებით ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს დასკვნა ხაზგასმით არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვის დროს დადო. მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ვფიქრობ, რომ ეს ორი ამოცანა შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც მომზადებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის დასახულ ამოცანებს შორის, კიდევ ერთ გამოწვევაზე ისაუბრა და ყურადღება კონსტიტუციის ტექნიკურ დახვეწაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ქვეყნის ძირითადი კანონი გარდა შინაარსობლივი ცვლილებებისა, გრამატიკულ შესწორებებს და მუხლების დასათაურების ცვლილებებსაც საჭიროებდა, რადგან რიგი კონსტიტუციური თავების სტრუქტურა სრულყოფილად დალაგებული არ იყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით კი, პრობლემა გასწორდა და ყველა დასახული ამოცანა შესრულებულ იქნა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუხლების მიხედვით დეტალურად გააცნო ყველა ის ცვლილება, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე შემუშავდა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში აისახა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კონსტიტუციის დოკუმენტის პროექტის მიმართ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0