თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა და თბილისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
მათი თქმით, 2015 წლამდე საქართველოში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციისთვის არანაირი მომსახურება არ არსებობდა, ხოლო 2015 წლის ივლისში კი, თბილისის მერიამ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისთვის რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელება დაიწყო.
პროგრამა თვეში 20 სეანსის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელთა საერთო ღირებულება 420 ლარია.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქვეპროგრამის დასაწყისში სერვისის მიმწოდებლად სამი დაწესებულება დარეგისტრირდა და მასში 261 ბავშვი ჩაერთო, ხოლო წლის ბოლოსთვის მოსარგებლეთა რაოდენობამ 325 შეადგინა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 500 000 ლარი იყო.
ირაკლი ფავლენიშვილმა გელა ჩივიაშვილთან ერთად 2016 წელს სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით დარეგისტრირებულ დაწესებულებებს კიდევ ორი ცენტრი დაემატა.
,,თბილისის მერიის ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობამ წლის ბოლოსთვის 566-ს მიაღწია, ხოლო ბიუჯეტმა 1 800 000 ლარი შეადგინა. ამავდროულად, გაჩნდა მომლოდინეთა სია და წლის განმავლობაში სერვისის საჭიროების მქონე ბავშვთა რაოდენობა 32 გახდა. ამასთან, თბილისში რეგისტრირებულმა დაწესებულებებმა საქართველოს რეგიონებში სერვისის მიწოდების მიზნით ფილიალები გახსნეს – ბათუმში (3), ქობულეთში (1), ზუგდიდსა (2) და ქუთაისში (2) და წლის ბოლოსთვის მათი ბენეფიციარი 60-მდე ბავშვი იყო’’, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 2017 წლის შემოდგომაზე სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდა იგეგმება. თბილისის მერია, დღეისათვის კომპლექსური თერაპიის სეანსებს 626 ბავშვს უფინანსებს. შემოდგომაზე კი, სერვისით მოსარგებლეების რაოდენობა 700-ს გადააჭარბებს. აპრილის მდგომარეობით, სერვისის მომლოდინეთა სიაში 69 ბავშვია. ამ ეტაპზე, წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 2 000 000 ლარით.
ბრიფინგზე ასევე თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქვეპროგრამის განხორციელების წესში შესატანი ცვლილებების თაობაზე გააკეთეს განცხადება, რომლის თანახმად:
1. პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს დაემატებიან ბავშვები, რომელთაც პირველადი რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი და შეუსრულდათ 2 წელი;
2. პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს დაემატებიან ქალაქ თბილისში რაიონების მიხედვით შეცვლილი რეგისტრაციის მქონე ბავშვები;
3. მოცდის პერიოდი ქალაქ თბილისში რეგისტრაციიდან 2 წლის ნაცვლად, განისაზღვრება 1 წლით.
შესაბამისი ცვლილებების პროექტი მომზადების შემდეგ განსახილველად საკრებულოს წარედგინება.
თბილისის მერიის ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვების რაოდენობამ წლის ბოლოსთვის 566-ს მიაღწია
10/04/2017