გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

26/03/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს, კიევში, სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სხდომის ფარგლებში დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები, სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციას გამართავენ.
სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.
ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი უმასპინძლებენ.
საქართველოს მთავრობის მეთაური, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. გიორგი კვირიკაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებს, ვლადიმირ გროისმანს და პაველ ფილიპს შეხვდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0