ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და არის იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან

24/03/2017

„ქართული ეკლესია ყოველთვის იყო და არის იქ, სადაც ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და წინსვლისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიამ თვითმყოფადობის შენარჩუნება ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და სიძლიერისთვის ბრძოლა ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერისთვის ბრძოლას ნიშნავდა. ასი წლის წინ ეს ბრძოლა ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოს გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს ერთი წლით უსწრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს თარიღებიც ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესია საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყოველთვის წინა ხაზზე იდგა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ეკლესიის თვითმყოფადობას ვერც საბჭოთა რეპრესიული მანქანა ვერ მოერია. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლებელია დაამარცხო ის, რაც მოყვასისადმი სიყვარულზე, თავისუფლებაზე და პატრიოტიზმზეა დაფუძნებული“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამშობლოსადმი ერთგულების და სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითი ეკლესიის მრავალმა საჭეთმპყრობელმა და სულიერმა მამამ მოგვცა და დღეს გვაქვს პატივი, ვიყოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამედროვენი. „განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ღვაწლი საქართველოს თავისუფლებისა და აღორძინებისთვის ბრძოლის საქმეში უწმინდესო და უნეტარესო, თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების დოკუმენტს 1990 წელს ამ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე 1 წლით ადრე მსოფლიო პატრიარქმა მოაწერა ხელი. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავუფრთხილდეთ საქართველოს ეკლესიას და მის ავტოკეფალიას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ქართული ეკლესია და საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და განვითარების იდეა არის განუყოფელი. გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს. მჯერა, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელყოფას. ქართული სახელმწიფოს თავისუფალი განვითარება და მისი ადგლის დამკვიდრება თავისუფალ სამყაროში – გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ეკლესია კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს საქართველოს აღორძინების საქმეში“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0