გუდაურში ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს

24/03/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინეს. საქართველოში სასრიალოდ ჩამოსული ფრანგი ტურისტი, გუდაურში თვითნებურად გადავიდა სათხილამური გზიდან აკრძალულ ზონაში 5 კმ-ის მოშორებით, კობის მიმართულებით. მთიდან ზვავის უეცარმა მოწყვეტამ ტურისტი თოვლში ჩაითრია, მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევა მაშინვე შეამჩნიეს და ტურისტს დახმარება ოპერატიულად გაუწიეს. მაშველებმა 2-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, ტურისტი ზვავიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და ვერტმფრენით „ყაზბეგი ჰელი კოპტერსის“ დახმარებით გუდაურის პირველადი დამხარების ცენტრ „ემერჯენსში“ გადაიყვანეს, სადაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე გაუკვალავ თოვლში. „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმნისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს. აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა: ლომისას, კობის, თრუსოს, ყაზბეგის, ჯუთას, უშბის, თეთნულდის, უშგულის, ბაკურიანის, გოდერძის, ბახმაროსა და თუშეთის ტერიტორიებზე გაუკვალავ თოვლში სრიალისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0