ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად თამარ მეფის სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემა არასოდეს არ არსებობდა, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის განვითარებას. სამუშაოების დასრულების შემდეგ საკანალიზაციო სისტემა ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება და გამწმენდ ნაგებობას შეუერთდება. ახალ ქსელში 100-მდე აბონენტი ჩაერთვება. პროექტის განსახორციელებლად 382 110 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს „ნიუმშენი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტურული ღონისძიების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობისთვის წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. დაწყებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები. სანაპიროზე 200 ათასი კუბი ნატანის შეტანა იგეგმება, ასევე დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია, პარალელურად დაიწყება სანაპირო ზოლის კეთილმოწყობაც. ინფრასტრუქტურული პროექტია მრავალწლიანია და ეტაპობრივად განხოციელდება. თამარ მეფის სანაპიროს მოწესრიგება გასულ წელს დაიწყო, მოეწყო ახალი წყალსადენი სისტემა და მოხდა აბონენტთა გამრიცხველიანება. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 222 678 ლარი დაიხარჯა.
ქობულეთის სანაპიროზე საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა
08/03/2017