ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება

27/02/2017

მიმდინარე წელს, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კერძოდ, ბაღის ქვედა პარკის ტურისტული მარშრუტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, პარკის ტერიტორიაზე კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანა და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქვედა პარკში დაზიანებულ სამარშრუტო გზას, მოეწყობა ბეჭდური ბეტონის საფარი, ბილიკები მოიკირწყლება ბეტონის დეკორატიული ფილებით. პარკის ტერიტორიაზე სამი მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო WI-FI-თ, განთავსდება საბაღე დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. მიწისქვეშ გატარდება ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ქვედა პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი დეკორატიული საპარკე ტიპის განათების ბოძები და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. სამშნებლო სამუშაოებთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0