თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი

17/02/2017

„თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘’ – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის ბიზნესფორუმი სამ ქვეყანას შორის უკვე მეხუთედ იმართება და საქართველო ამ ფორუმისგან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ელოდება. ,, საქართველოს მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა თურქულმა და აზერბაიჯანულმა კომპანიამ გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს დაინტერესებულ ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1.5 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს კეთილმეზობლურ, მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია არაერთი თურქული და აზერბაიჯანული კომპანია, რომლებიც წარმატებულად საქმიანობენ და ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში‘’- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ. თურქეთში ქართული ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. ფორუმის პარალელურად, სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ტრანსპორტისა და რკინიგზის საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები სამი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ამ დროისთვის გამოკვეთილი სექტორებია რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა, ხიზილალის მოპოვება და ა.შ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0