მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს Saxon Manegement Services-ს დირექტორთან, ვიტაუტას პუოძიუნასთან, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარის რწმუნებულმა-გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გივი ქირიკაშვილთან ერთად, საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინა.
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული გადასახედის, ე. წ. „მეგობრობის თაღის“ ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა.
ტენდერის პირობების თანახმად, მოეწყობა კომპლექსური ტურისტული გასაჩერებელი ადგილი, რომელიც მოიცავს:
● გადასახედ ნაგებობას, საპირფარეშოს (2-2 კაბინა მამაკაცებისა და ქალებისათვის,
● 1 კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
● სუვენირების მაღაზიას, კაფე-სასაუზმეს.
● ღამის გასათევ და პარკირების ადგილს (ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილებისა და ველოსიპედების სადგომით).
პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გადასახედის ნაგებობის გამაგრება და რეაბილიტაცია. ქვედა ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული იქნება დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედ ნაგებობამდე სამანქანე ასასვლელი გზა ჩაიკეტება და გახდება საფეხმავლო. გადასახედთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სკამები, ასევე ობიექტის მიმდებარედ არსებულ ბორცვებზე მისასვლელად უნდა მოეწყოს მცირე ბილიკები. მოხდება კომუნიკაციების გაყვანა (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობა). ამასთან, ტერიტორიაზე განთავსდება მცირე და დიდი ზომის სანაგვე ურნები.
ხალხთა მეგობრობის თაღი, კურორტ გუდაურთან მდებარეობს. არქიტექტურული ნაგებობა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნის მიზნით 1982 წელს აშენდა.
გოჩა ზეიკიძე შპს “Saxon Manegement Services”-ს დირექტორს შეხვდა
07/02/2017