პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემდეგ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციურ კოლიზიას შექმნის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდის საპასუხოდ, რომ პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმების გამო, გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა გადადგეს და მომავალი პრეზიდენტი ხალხმა, კიდევ 5 წლის ვადით, პირდაპირი წესით აირჩიოს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს საკითხებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
„ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა, ბუნებრივად შექმნის კონსტიტუციურ კოლიზიას, რადგან ერთი კონსტიტუციით მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ხოლო მეორე კონსტიტუციის თანახმად შევა ძალაუფლებაში. საერთოდ რიგგარეშე არჩევნები არის ქვეყნის ნორმალური საარჩევნო დინამიკიდან გადახვევა და თავისთავად ამას სერიოზული არგუმენტი სჭირდება, სტაბილურობის და დაცულობის თვალსაზრისითაც. მაგრამ არის კიდევ ისეთი არგუმენტი, როგორიცაა პოლიტიკოსების სტილი. ჩემი სტილი არასდროს ყოფილა ე.წ. „ჩორნი ხოდიდან“ პოლიტიკური პროცესის გადაწყვეტა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება საზოგადოებას, მისი არჩევითობა სჭირდება საზოგადოებას, პოლიტიკურ სისტემას და ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ და არა რაღაცნაირი სათადარიგო შესასვლელიდან ახალი პოლიტიკური ვითარება დავაყენოთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარიც კი ნაადრევია, ვინაიდან „პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურობის დაცვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა“.
„აპრიორი არასწორია დღეს ამაზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ ის ბრძოლა, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურობის დაცვა და შენარჩუნება ამ ინსტიტუტისა სახელმწიფოსთვის, ეს დებატები და საუბარი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და თავიდანვე ასე კაპიტულანტურად იმაზე ლაპარაკი – მერე რას ვიზამდი, დღეს არასწორია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.