დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით კატარს ეწვია

06/02/2017

​2017 წლის 5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია კატარის სახელმწიფოს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი. კატარის მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა სამინისტროს გენერალური მდივანი აჰმედ ჰასან ალ-ჰამადი (Dr. Ahmad Hassan Al-Hamadi).

6 თებერვალს, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა მრავალი მიმართულებით. მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხები.

ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ხელი შეეწყოს ორმხრივი სექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას. დადებითად შეფასდა კატარიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა. კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა
თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები. ქართულმა მხარემ მასპინძლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართება 2018 წელს თბილისში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0