სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო

24/12/2016

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა, დღეს მუშაობა დაიწყო. კომისიის პირველი სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უხელმძღვანელებს. „ ჩვენ გვაქვს უნიკალური, ისტორიული შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ის ცვლილებები, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელდა, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. „ეს ხარვეზები ეხება ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპი. ეს პრინციპები სამწუხაროდ, კონსტიტუციის მოქმედ ტექსტში დარღვეულია, რაზეც, თავის დროზე, ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია. მე ვიტყოდი, რომ პრაქტიკა დღეს განსხვავებულია, ამ პრაქტიკაში რეალურად თავს არ იჩენს ის ხარვეზები, რაც არის ასახული საქართველოს კონსტიტუციაში. თუმცა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში და აქედან გამომდინარე, ეს ხარვეზები გასწორებას საჭიროებს. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება კონსტიტუციის ხარვეზების გასწორება და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე-ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური სისტემა. კონსტიტუცია აყალიბებებს კონსტიტუციურ წესრიგს, ერთიან სისტემას სახელმწიფო მოწყობის სისტემას და ჩვენ ისეთი სისტემა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომელიც გაუძლებს დროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ფენომენი საზოგადოებაში ნეგატიურად აღიქმება და მნიშვნელოვანია, რომ ტრადიცია შეიცვალოს და „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიტანოთ ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც კიდევ ერთხელ გაუძლებს დროს და კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებულ საბოლოო დოკუმენტთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროცესი, რომელიც კომისიაში წარიმართება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელიც კონსესუსის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს „კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს კონსესუსის საფუძველზე და ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისად ის, რომ კომისიის ფორმატში მიღწეულ იქნას კონსესუსი და საბოლოოდ უზრუნველყოფილ იქნას საპარლამენტო ფორმატის კონსესუსი. მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს, არის რესურსი იმისა, რომ სრული კონსესუსის საფუძველზე, ძირითადი მონაწილეების კონსესუსის საფუძველზე, გადამუშავდეს საქართველოს კონსტიტუცია და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც მისაღები იქნება მაქსიმალურად ფართო სპექტრის საზოგადოებისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კომისიის თითოეული წევრის მონაწილეობას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნება. ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს და სამუშაო პროცესში ჩაერთვება. „ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ეტაპზე უარი არის მიღებული კომისიაში მუშაობაზე, თუმცა, იმედი მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა, რომ პროცესში გადაიხედება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება ამ კონსტიტუციური ორგანოს აქტიური ჩართულობაც კომისიის მუშაობის პროცესში“,- განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა საუკეთესო შედეგებით არ დასრულებულა. „დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად შედეგები იქნება ბევრად უფრო უკეთესი და საუკეთესოც კი. ამ რთულ პროცესში არაფერი არ შეგვაბიჯებინებდა სხვა, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახალი დისკუსიის და კრიტიკის საგანი, არამედ რომელზეც საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმდება, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების. მთავარი გზამკვლევი იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები განმარტა და აღნიშნა, რომ კომისია მაქსიმალურად ღია იქნება წევრების მხრიდან სხვადასხვა ინიციატივებისა და იდეების მიღებისთვის. თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული მადლობა დონორ ორგანიზაციებსა და ევროპის საბჭოს გადაუხადა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. „ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ვეცდები, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს სამუშაო პროცესი და მაქსიმალურად შევიტანო ჩემი წვლილი შინაარსობრივ ნაწილშიც. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადოთ იმ დონორ ორგანიზაციებს, რომელიც გვეხმარებიან ამ პროცესის მართვაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ვენეციის კომისიის ჩართულობა ამ პროცესში იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვენეციის კომისიას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენს მუშაობაში“, – განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობის პრინციპებზე, ფორმატსა და სტრუქტურაზე ისაუბრა. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე მომზადდება. კომისიის ფორმატში, 4 თემატური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ირაკლი კობახიძის განმარტებით,მას რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დაასრულებს, დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, 1 თვის ვადაში, დასკვნას მოამზადებს. მომზადებული კანონპროექტის ინიცირებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვები გაიმართება. საქართველოს პარლამენტი

Tweet about this on TwitterShare on Facebook0