იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე რენატე პაიჩი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეებიც დაესწრნენ. თეა წულუკიანმა გერმანიის ელჩს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმატებულად თანამშრომლობს გერმანიის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო საერთაშორისო ინსტიტუტებთან. თეა წულუკიანმა გერმანიის იუსტიციის სამინისტროსთან ურთიერთობებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდთან (IRZ) თანამშრომლობის პოზიტიურ მაგალითზე და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისათვის, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჰაიკე რენატე პაიჩი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩად საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მანამდე ის ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, ჯერ ეკონომიკისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსად გერმანიის საელჩოში მოსკოვში და შემდეგ გენერალურ კონსულად სანკტ-პეტერბურგში. სხვადასხვა დროს იყო გერმანიის დიპლომატიური მისიის წევრი ბურუნდსა და ისრაელში. 2004-დან 2007 წლამდე ჰაიკე რენატე პაიჩი იყო გერმანიის ელჩი სომხეთში.
იუსტიციის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
23/12/2016