თუ ასეთი რამ რეალობაა, არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში ამ გადაწყვეტილების მიღება

09/12/2016

თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, – ასე გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის და რაციონის განსაზღვრა, თუმცა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს ამ საკითხის შესწავლა დაავალა.
„მინდა,აბსოლუტური სერიოზულობით განვაცხადო – თუ ასეთი რამ რეალობაა, არ ვიცი, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში ამ გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მინდა, რომ ის აღარ იყოს ხვალ თავის თანამდებობაზე, სადაც მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების უამრავი რესურსი არსებობს.
„არ მინდა ჩამოვთვალო. არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტოების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ასეთ ფაქტებს ვაწყდებით ყველა ჩვენგანი; კიდევ ბევრი ხარჯია, რომელიც შეიძლება, ყოველგვარი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე შემცირდეს და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად ადამიანების 10 პროცენტი შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. არაფერი საამისო არ გვჭირს დღეს ნამდვილად. ჩვენ გვაქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ დავაფინანსოთ ჩვენი განვითარების ის ძალიან გაზრდილი მოთხოვნები, რაც გამოდის ჩვენი ამბიციური განვითარების გეგმებიდან და არავითარ შემთხვევაში, ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე. შეიძლება ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ვინაიდან მედიაში ეს ინფორმაცია არის გასული, მე ვალდებული ვარ, ასევე საჯაროდ გავაკეთო რეაგირება ამ საკითხზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0