დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვია

08/12/2016

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „წითელ ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს ეწვია და საბაჟოს მომსახურების ხარისხს გაეცნო. აღნიშნული საბაჟო მგზავრებს და ტვირთის გადამზიდავებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. მისი მეშვეობით ყველაზე მეტი მგზავრი და ტვირთი გადაადგილდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. საბაჟოს სტატისტიკით, ყოველდღიურად აღნიშნულ გამშვებ პუნქტს 10,000 პირი კვეთს. „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობა, საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვა და ფორმალობების გამარტივება, ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის მოცულობისა და ტურისტული ნაკადის გაზრდას და სხვ. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საქართველოს საბაჟოს ახალ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას როგორც მგზავრებზე, ისე ტვირთებზე. შედეგად, „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების შემოწმების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა საბაჟოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. მათ შორის, როგორც ბარგის და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე სხეულის თანამედროვე რენტგენო-სკანერის აპარატები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური პირებისა და მათი ბარგის, ისე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. აღნიშნული სკანერების და სხვა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, „წითელი ხიდის“ მებაჟეებმა კონტრაბანდის არაერთი ფაქტი აღკვეთეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0