ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია

01/12/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის დონალდ ტუსკი (Donald Tusk) , ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: “მივესალმები პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ბრიუსელში. კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა, გიორგი! ვსარგებლობ შემთხვევით, რათა მოგილოცოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ამ წლის განმავლობაში თქვენთან თანამშრომლობა, რომლის შემდგომ გაღრმავებაზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ეს არის საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი წარმატება. მადლობას მოვახსენებ პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობამ ძალ-ღონე არ დაიშურა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად. დღევანდელ შეხვედრაზე მე მოვუწოდე პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის გაგრძელებისკენ. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საკითხები. მე უდიდეს შეფასებას ვაძლევ საქართველოს ამბიციური რეფორმების გეგმას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებას, რომელიც ემსახურება საქართველოს კეთილდღეობას და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირი მომავალშიც გაგიწევთ დახმარებას ამ პროცესში. გარდა ამისა, მადლობას მოვახსენებ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში საერთო სამომავლო მიზნების დასახვის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც გაიმართება 2017 ნოემბერში. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა მადლობა მოვახსენო საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც მას განუხრელად შეაქვს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, ასევე დახმარებისთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების საქმეში. რაც შეეხება, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, შარშან ოქტომბერში ყველა წევრმა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა მოთხოვნა. დღეს ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ საკითხზე თავად ევროკავშირში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის ევროკავშირის მხარის შიდა პრობლემა, რომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მივაღწიოთ შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჰორიზონტალურ მექანიზმს ყველა წესთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია ევროკავშირში ვიზებთან დაკავშირებით. საქართველო იმსახურებს ამ პროცესის დროულად და წარმატებით დასრულებას. დასასრულს, გამოვთქვამ შეშფოთებას რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს, აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ეგრეთ წოდებული შეთანხმების რატიფიკაციის გამო. ევროკავშირი მკაფიოდ აცხადებს, რომ ამ შეთანხმებით ირღვევა საერთაშორისო სამართალი, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ჩათვლით. ამ შეთანხმებას არავითარი წონა არ აქვს ევროკავშირის თვალში. ჩვენ უპირობოდ ვემხრობით საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენი თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით. ევროკავშირი მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.” გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: “ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საქართველოს მთავრობის სახელით, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროკავშირსა და პირადად პრეზიდენტ ტუსკს ჩემი ქვეყნისა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია – გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი. ამ საკითხს მივყავართ ვიზა-ლიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს. რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ ტუსკს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისათვის. საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში. ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში – ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით. დასკვნის სახით თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი.”

Tweet about this on TwitterShare on Facebook0