ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

28/11/2016

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც ძირითადად შეეხებოდა საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიას. მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ირაკლი შოთაძემ ასევე საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს შედეგები. მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე. მთავარმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. ასევე ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე. ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ იქნა არჩეული. მთავარი პროკურორი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ წარადგინოს ანგარიში საპროკურორო საბჭოს წინაშე, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0